კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამოწურა თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის რესურსი კლინიკამ, ჩხაიძე ამ კითხვას არ პასუხობს.
"რა თქმა უნდა პაციენტს აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს არის. მე ახლა პროგნოზს ვერ გავაკეთებ ვერანაირად, დეზინტოქსიკაციურ თერაპიაზე ვერაფერს გეტყვით, ამისთვის უნდა არსებობდეს ტოქსიკოლოგის დასკვნა, ჩვენთან დასკვნა არ არის წარმოდგენილი, თუმა ჩვენ გვაქვს ანალიზები შესრულებული ამ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, ასევე კონსულტირებულია ჩვენი ტოქსიკოლოგების მიერ. აღენიშნება წონაში კლება, იცით თქვენ, მეტს ვერაფერს გეტყვით", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.